მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, განეხილა ის პროგრესი, რასაც მიაღწია რეკომენდაციების შესრულების კუთხით
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია.
ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, განეხილა ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
„ზოგადად, მსგავს ფორმატებში საქართველოს მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ქვეყნის ნაბიჯების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი გახლდათ. საგარეო საქმეთა მინისტრები ამზადებენ შემდგომში უკვე გადაწყვეტილებას ლიდერებისთვის და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესსა და დიალოგში საქართველოც მონაწილეობს. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე.