მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, აპრილთან შედარებით, გაძვირდა ბენზინი და დიზელი, ხოლო ყველი და ბოსტნეული გაიაფდა
2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში აპრილთან შედარებით, აღსანიშნავია ბენზინისა და დიზელის გაძვირება 3.2 პროცენტით და სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ბოსტნეულისა და ყველის გაიაფება.
ამასთან, ბანკის ცნობით, 2018 წლის დასაწყისიდან ერთჯერადი ფაქტორების გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე თითქმის ამოიწურა, რის გამოც, ამ პერიოდიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო. თუმცა ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ მოქმედებს გაზის გადასახადის მომატება, რაც გასული წლის აგვისტოში მოხდა. ამას დაემატა 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება.
მაისში წლიურმა ინფლაციამ სურსათის ჯგუფში 1.8 პროცენტი, ხოლო მისმა გავლენამ ინფლაციის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საგრძნობლად გაძვირებულია ვაშლი (33 პროცენტით) და მწვანილი (43 პროცენტი). მნიშვნელოვნად გაიაფდა ნიორი (58 პროცენტი), პომიდორი (24 პროცენტი) და შაქარი (21 პროცენტი). სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია საწვავის და თამბაქოს გაძვირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტებზე გასულ წელს აქციზის გადასახადის მომატების ეფექტი ამოიწურა, მათი გაძვირების გავლენა მაისის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ მაღალი იყო. საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობის ფასების მატებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საწვავზე შედარებით მაღალი ფასების გამო, საბაზო ინფლაცია მაისში მთლიან ინფლაციასთან შედარებით კვლავ დაბალი იყო და 1.8 პროცენტს შეადგენდა. მაისში წლიური ინფლაცია იმპორტირებულ საქონელზე 3.1 პროცენტზე დაფიქსირდა, ადგილობრივად წარმოებული საქონელი 2.9 პროცენტით, ხოლო შერეული საქონელი 0.3 პროცენტით გაძვირდა.