„მაიკროსოფტის“ გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს
კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს.
ლონდონის გეთვიკის აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეფერხებით მუშაობს შემოწმების სისტემა. ბერლინის აეროპორტში ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს შემოწმების სისტემა.
ამასთან, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში სისტემის გლობალურმა გათიშვამ რეისების შესრულებაზე გავლენა მოახდინა. შეფერხებით მუშაობს შოტლანდიისა და ედინბურგის აეროპორტებიც. ტექნიკური პრობლემებია ასევე ესპანეთის აეროპორტებში. მადრიდისა და ბარსელონას აეროპორტების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შესაძლოა, ტექნიკურმა ხარვეზმა რეისიების განხორციელებაში პრობლემა შექმნას.
პრაღის აეროპორტში ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს გლობალური შემოწმების სისტემა. „რაინეარი“ ადასტურებს, რომ ავიაკომპანიაში ქსელის შეფერხებაა და ურჩევს მგზავრებს, აეროპორტში დაგეგმილ გამგზავრებამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე მივიდნენ.
ამასთან, პრობლემები აქვს ფრანგულ ავიახაზებს – „ეარ ფრანსს“, ასევე თურქეთის ავიახაზებს, სადაც განაცხადეს, რომ პრობლემებია ბილეთების გაყიდვასთან, შემოწმებასა და დაჯავშნასთან დაკავშირებით.
მსოფლიოს მაშტაბით დღეს დაგეგმილი იყო 110 000 კომერციული ფრენა. 06:00 საათისთვის 1 390 ფრენა უკვე გადადებული იყო და ეს რიცხვი იზრდება. ამერიკაში 27 000 რეისია დაგეგმილი, რომლითაც 3,7 მილიონმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. ბოლო მონაცემებით, გაუქმდა 512 რეისი; გერმანიაში 4 386 რეისი იყო დაგეგმილი, ამ დროისთვის 92 გაუქმებულია; საფრანგეთში დაგეგმილი იყო 4 386 რეისი, ამ ეტაპზე კი გაუქმებულია 28 რეისი; ინდოეთში 652 რეისი იყო დაგეგმილი, მათგან 56 გაუქმდა.
კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი დღეს გამოიწვია.