მაიკ პომპეო - პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საიუბილეო დეკლარაციაში, რომელიც დღეს გამოიცემა, განსაზღვრულია ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო მიმართულებები.
„იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ერს მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ გლობალური გამოწვევები იქნეს დაძლეული. საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენ წინაშე ვსაუბრობთ, 32-მა მამაცმა ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი დათმეს იმისათვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოლონ მშვიდობისთვის. ჯამში 870 ქართველ ჯარისკაცს აქვს წვლილი შეტანილი ნატო-ს სამშვიდობო მისიაში. ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ნატო-ს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონული ინიციატივის ფორმატშიც“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეოს განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.