მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვისთვის საჭირო პროცედურებს გადის, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
„ბიბისის“ ცნობით, პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა საპრეზიდენტო კამპანიაში რეგისტრაციაზე განაცხადი უკვე შეიტანა.
ნიუ იორკის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატები საკმარისად ძლიერები არ არიან იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხონ.
ამჟამად, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამარცხებას 17 დემოკრატი კანდიდატი ცდილობს, მათ შორის არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. ბოლო გამოკითხვებმა კი აჩვენა, რომ დემოკრატიული პარტიიდან არც ერთ კანდიდატს არ აქვს დონალდ ტრამპის დამარცხების დიდი შესაძლებლობა.
მაიკლ ბლუმბერგი წარსულში უოლ სტრიტის ბანკირი იყო. მოგვიანებით, მან საკუთარი სახელობის ფინანსური გამომცემლობა შექმნა. მაიკლ ბლუმბერგი ცნობილია ქველმოქმედებითაც. ფილანტროპი ბიზნესმენი საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში მილიონობით დოლარს სწირავს.
მაიკლ ბლუმბერგი ნიუ იორკის მერი 2001 წელს გახდა. აღნიშნული თანამდებობის მისაღებად წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დემოკრატიული პარტიიდან რესპუბლიკურ პარტიაში გადაინაცვლა. ბლუმბერგს 2001 წლის შემდეგ ნიუ იორკის მერის თანამდებობა 2012 წლამდე, სამი ვადით ეკავა. დემოკრატიულ პარტიას კი, მხოლოდ გასულ წელს შეუერთდა.