მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება.
ნიუ იორკის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატები საკმარისად ძლიერები არ არიან იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხონ.
„ახლა ჩვენ გვსურს დავასრულოთ საქმე და დავრწმუნდეთ, რომ ტრამპი დამარცხდება. თუმცა მაიკი სულ უფრო მეტად ღელავს იმ ფაქტზე, რომ ამჟამინდელი კანდიდატები ამისთვის საჭირო პოზიციებზე არ იმყოფებიან“, – განაცხადა მაიკლ ბლუმბერგის პრესსპიკერმა.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 77 წლის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი საპრეზიდენტო მარათონში ჩასართველად შესაბამისი საბუთების შევსებას უახლოეს დღეებში გეგმავს.
ამჟამად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამარცხებას 17 დემოკრატი კანდიდატი ცდილობს. მათ შორის არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. უკანასკნელმა გამოკითხვებმა კი აჩვენა, რომ დემოკრატიული პარტიიდან არცერთ კანდიდატს დონალდ ტრამპის დამარცხების დიდი შანსი არ აქვს.
მაიკლ ბლუმბერგი წარსულში უოლ სტრიტის ბანკირი იყო. მოგვიანებით, მან საკუთარი სახელობის ფინანსური გამომცემლობა შექმნა. მაიკლ ბლუმბერგი ცნობილია ქველმოქმედებითაც. ფილანტროპი ბიზნესმენი საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში მილიონობით დოლარს სწირავს.
მაიკლ ბლუმბერგი ნიუ იორკის მერი 2001 წელს გახდა. ამ პოსტის მისაღებად წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დემოკრატიული პარტიიდან რესპუბლიკურ პარტიაში გადაინაცვლა. ბლუმბერგს 2001 წლის შემდეგ ნიუ იორკის მერის თანამდებობა 2012 წლამდე, სამი ვადით ეკავა. დემოკრატიულ პარტიას კი მხოლოდ გასულ წელს შეუერთდა.