მაიკ პომპეომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობის გამო გააკრიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობის გამო გააკრიტიკა. მაიკ პომპეოს თქმით, ანკარას ქმედებების გამო, რეგიონისთვის საფრთხე გაზრდილია. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
„ჩვენ ვიცით, რომ თურქები ჩაერთვნენ და აზერბაიჯანი რესურსით მოამარაგეს, შესაბამისად გაიზარდა რისკი, გაიზარდა საბრძოლო ძალა, ამ ისტორიულ ბრძოლაში“, – განაცხადა პომპეომ.
დიპლომატის თქმით, „ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი დისკუსიით შეიძლება და არა სამხედრო კონფლიქტით, და რა თქმა უნდა, არა მესამე ქვეყნების ჩართვით“.
პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეძლებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას და შემდეგ დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან არის მსხვერპლი. სომხეთი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანს სამხედრო და ლოგისტიკურ დახმარებას თურქეთი უწევს. ბაქოში კი აცხადებენ, რომ თურქი სამხედროები საბრძოლო ველზე არ იმყოფებიან.
ამასთან, ანკარაში არ მალავენ, რომ აზერბაიჯანს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა სახის დახმარება გაუწიონ ბაქოს.