მაიკ პომპეო - ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე იქნება შეუფერხებელი გადასვლა
მაიკ პომპეო - ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე იქნება შეუფერხებელი გადასვლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ყველა „კანონიერი ხმის“ დათვლას შედეგად „ტრამპის მეორე ადმინისტრაცია“ მოჰყვება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მედიასაშუალების ცნობით, პომპეომ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც მსოფლიოს ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის მოკავშირე დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცეს.

„იქნება შეუფერხებელი გადასვლა ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე. კარგი? ჩვენ მზად ვართ. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს იმას, რაც ხდება. ჩვენ დავითვლით ყველა ხმას. როდესაც პროცესი დასრულდება, შეირჩევიან ამომრჩევლები. ეს არის პროცესი, რომელიც მკაფიოდ არის გაწერილი კონსტიტუციაში“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

7 ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი დაასახელა. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა მსოფლიო ლიდერების ნაწილმა.

აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დამარცხება არ უღიარებია. ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს დარღვევები დაფიქსირდა და შედეგები უნდა გასაჩივრდეს.