მაიკ პომპეო - რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ცხოვრების წესს ემუქრება. ეს განცხადება პომპეომ პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა. ნატო-ს სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას პომპეომ რამდენჯერმე ახსენა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.
„ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი მეხუთე წელია, გრძელდება. ეს ომი მან ევროპის მიწაზე წამოიწყო. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით საფრთხეს, რომ რუსეთმა ერთ დღეს ფრონტის ხაზი პოლონეთშიც შეიძლება გახსნას. ამ საფრთხის გათვალისწინებით, ნატო-ს ალიანსი შეუცვლელია და იცავს ევროპის თავისუფალ ხალხებს. ახლა ევროპის თავისუფლების დაცვა ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობაა. რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს, მოსკოვს სურს გავლენის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე. ვლადიმერ პუტინს ნატო-ს დაყოფა, აშშ-ის დასუსტება და დასავლური დემოკრატიების დანგრევა სურს.
რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინულ გემებზე შავ ზღვაში ნოემბერში და ჰიბრიდული თავდასხმების ჩვენს მოკავშირეებზე საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.