მაიკ პომპეო რუსეთის მხრიდან „ღია ცის შეთანხმების“ ერთ-ერთ დარღვევად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს
„ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილება ექვს თვეში შევა ძალაში, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნდა.
როგორც პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული, ხვალ ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის შეთანხმების“ დეპოზიტარებს და ყველა მონაწილე სახელმწიფოს ოფიციალურად შეატყობინებს შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ. 22 მაისიდან ექვსი თვის შემდეგ კი, აშშ შეთანხმების მონაწილე აღარ იქნება.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა მხარემ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ რუსეთი მისი პირობების სრულ შესრულებას დაუბრუნდება.
„პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ქვაკუთხედს ამერიკელი ხალხის, ამერიკული ცხოვრების წესი და ამერიკის უსაფრთხოების ინტერესების დაცვა წარმოადგენს. როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, აშშ-მა ყურადღებით უნდა შეისწავლოს ყველა შეთანხმება დღევანდელი რეალობის პრიზმიდან და შეაფასოს, რჩება თუ არა ესა თუ ის შეთანხმება აშშ-ის ინტერესებში. დეტალური შესწავლის შემდეგ, მათ შორის მოკავშირეებისა და საკვანძო პარტნიორების წვლილის, სრულიად აშკარა გახდა, რომ ამერიკა აღარ არის დაინტერესებული „ღია ცის შეთანხმებაში“ მონაწილეობით.
თავისი არსით, შეთანხმება შემუშავებული იყო, რათა უზრუნველყო ყველა ხელმომწერი გამჭვირვალობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაზრდილი დონით, განურჩევლად მათი ზომისა. თუმცა რუსეთის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ შესრულებამ და დარღვევამ ძირი გამოუთხარა შეთანხმების ნდობის დამყარების ცენტრალურ ფუნქციას და ფაქტობრივად, გააღვივა უნდობლობა და საფრთხეები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისადმი, რითაც აშშ-ის მონაწილეობის გაგრძელება მიუღებელი გახადა“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პომპეო აღნიშნავს, წლების განმავლობაში რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევდა „ღია ცის შეთანხმებას“.
„სამწუხაროდ, ეს არ არის ისტორია, რომელიც მხოლოდ „ღია ცის შეთანხმებას“ ეხება, რადგან რუსეთი იარაღის მრავალი ვალდებულებების თანმიმდევრული დამრღვევია“, – აღნიშნავს პომპეო და ერთ-ერთ დარღვევად რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საზღვრის გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს.
„რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომენტრიან კორიდორში, და ამგვარად ცდილობდა, წამოეყენებინა რუსეთის ყალბი განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების სხვა დარღვევებს შორის, პომპეო ასახელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობას, ასევე კალინინგრადის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რომ არა „ღია ცის შეთანხმების“ მონაწილე პარტნიორები, აშშ ამ შეთანხმებას დიდი ხნის წინ დატოვებდა.
„არ შეცდეთ: მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი მოვლენების ამ განვითარებაზე და იარაღზე კონტროლის არქიტექტურის ნგრევის გაგრძელებაზე. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს იარაღზე ეფექტიან კონტროლს, რომელიც ხელს უწყობს აშშ-ის, მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას, რომელიც ექვემდებარება შემოწმებასა და შესრულებას და რომელშიც მონაწილეობენ პარტნიორები, რომლებიც პასუხისმგებლობით ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. თუმცა ჩვენ ვერ დავრჩებით იარაღზე კონტროლის ისეთ შეთანხმებებში, რომლებსაც სხვა მხარე არღვევს და რომლებიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელყოფისთვის, მისი მხარდაჭერის ნაცვლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ შესაძლოა, მოვისურვოთ ამ გადაწყვეტილების გადახედვა, თუ რუსეთი აჩვენებს, რომ ნდობის გამყარების შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას დაუბრუნდა, თუმცა კრემლის კურსის ამგვარი ცვლილების გარეშე, ჩვენი გზა ექვს თვეში შეთანხმების დატოვებით დასრულდება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.