მაიკ პომპეო - მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია
მაიკ პომპეო - მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია

27 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოსმენა საკითხზე: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე.

მოსმენისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან სტივ ჩაბომ ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

„საქართველო და უკრაინა – ორივე ქვეყანა პუტინის მხრიდან ინტენსიურ და მუდმივ ზემოქმედებას განიცდიან. ამ ქვეყნების ტერიტორიები უკანონოდაა მოქცეული რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამ რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა, ასევე აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა, აქტიურად ახორციელებს პროდასავლურ პოლიტიკას. თუ შეიძლება გვითხარით, თუ როგორ აძლიერებს პრეზიდენტის ბიუჯეტი ჩვენი ამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორებისადმი მხარდაჭერას“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

სტივ ჩაბოს პასუხად, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინას ორი სახის რეალური გზით გაუწია ხელშესახები დახმარება და მზად არის, დაეხმაროს ქართველ ხალხს.

„ჩვენ უკრაინელ ხალხს მივაწოდეთ თავდაცვითი სახის შეიარაღება. ასევე დავეხმარეთ დაზვერვითი სახის ინფორმაციით, ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას, სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე. თქვენ ხედავთ ჩვენ ძალისხმევებს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ძალისხმევებს. მალე არჩევნები ახლოვდება უკრაინაში. მრავალი ელემენტია ამ მიმართულებით. მე ვსაუბრობდი ამის შესახებ, რაშიც როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე თავდაცვის დეპარტამენტია ჩართული. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია აშშ-ის მიმართ და იზიარებს ჩვენს ხედვას, თუ როგორ ოპერირებს რეგიონი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ თავის გამოსვლაში.