მაიკ პომპეო - მადუროს მხოლოდ არადემოკრატიული ქვეყნები უჭერენ მხარს
მაიკ პომპეო - მადუროს მხოლოდ არადემოკრატიული ქვეყნები უჭერენ მხარს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერის გამო, რუსეთი და ჩინეთი მკაცრად გააკრიტიკა. როგორც პომპეომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას თქვა, „ვენესუელაში დემოკრატიას ის ქვეყნები არ უჭერენ მხარს, რომელთაც დემოკრატია თავად არ აქვთ“.

გამოსვლაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ვენესუელაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აღწერა, რაზეც პასუხისმგებლობა, პომპეოს თქმით, მადუროს და მის მთავრობას ეკისრება.

პომპეომ მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას, ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარონ, რომელიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ვენესუელაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან დანკანმაც. ანალოგიური პოზიცია აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების უმეტესობას.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვენესუელის მუდმივი წარმომადგენელიც, რომელმაც აშშ ინტერვენციაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას მხარი დაუჭირა აშშ-მა, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა. გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც.