მაიკ პომპეო - ირანის ლიდერი დაუღალავად მუშაობს შეთქმულების თეორიების შემუშავებაზე და ირანელი ხალხის ნაცვლად, პრიორიტეტს იდეოლოგიას ანიჭებს
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფაბრიკაციები უხანის ვირუსთან დაკავშირებით საშიშია და ირანელებსა და მსოფლიოს ფარგლებში ხალხს რისკის წინაშე აყენებს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში ჩამოთვლილია ის ფაქტები, რომელთა დამალვაც, მაიკ პომპეოს აზრით, ირანს სურს.
სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, თებერვალში ირანულმა ავიაკომპანიამ თეირანსა და ჩინეთს შორის სულ მცირე 55 ფრენა განახორციელა, რის შედეგადაც ირანის მოსახლეობაში ინფექციური დაავადება გავრცელდა.
„სულ მცირე ხუთ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები პირდაპირ იყო იმპორტირებული ირანიდან, რითაც დამატებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშე აღმოჩნდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ირანის რეჟიმი უგულებელყოფდა საკუთარი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების არაერთ გაფრთხილებას და სულ მცირე ცხრა დღის განმავლობაში უარყოფდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას. რეჟიმი განაგრძობს ირანელი ხალხისა და მსოფლიოს მოტყუებას კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის შესახებ, რაც სამწუხაროდ, ბევრად მაღალია იმ მონაცემებზე, რომლებსაც რეჟიმი აღიარებს“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, 2012 წლის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ტერორიზმის დაფინანსებაზე 16 მილიარდი დოლარი დახარჯა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს სამედიცინო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი ერთი მილიარდი ევროს მოპარვაში, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის შავ ბაზარზე გაყიდვაში სდებს ბრალს.
მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება სურსათზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობაზე და სხვა ჰუმანიტარულ პროდუქციაზე.
„აშშ-მა შესთავაზე 100 მილიონ დოლარზე მეტი უცხო ქვეყნებს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, მათ შორის ირანელი ხალხისთვის და ჩვენი მეცნიერები დაუღალავად მუშაობენ ვაქცინის შესამუშავებლად. ხამენეიმ უარი თქვა ამ შეთავაზებაზე, რადგან ის დაუღალავად მუშაობს შეთქმულების თეორიების შემუშავებაზე და პრიორიტეტს ანიჭებს იდეოლოგიას, ირანელი ხალხის ნაცვლად“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.