მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებას მიაღწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმედს იტოვებს, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებამდე მივა. ამის შესახებ მან Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პირველი დიპლომატის თქმით, ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება „ევროპელებზე გათვლილი არ ყოფილა“.
„იმედი მაქვს, ამ დღეებისა და კვირების განმავლობაში მივალთ შეთანხმებამდე, რომელიც ნამდვილად ქმედითი იქნება და რომელიც ნამდვილად დაიცავს მსოფლიოს ირანისგან არამხოლოდ ბირთვული პროგრამის კუთხით, არამედ მათი მავნებელი ქმედებებისგანაც“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2015 წლის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლამ ევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილება გამოიწვია.
ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და ირანი შეთანხმებაში რჩებიან.