მაიკ პომპეო დარწმუნებულია, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება მოხერხდება
მაიკ პომპეო დარწმუნებულია, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება მოხერხდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვიეტნამში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ივნისში, დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს.
რამდენიმე დღის წინ მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა. ფხენიანში მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კიმ ჩენ ინს არ შეხვედრია მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი. ამის შემდეგ მაიკ პომპეომ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც გამართა.
7 ივლისს კი ოფიციალურმა ფხენიანმა ამერიკელი დიპლომატი „განგსტერულ ქცევაში“ დაადანაშაულა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე სრული ბირთვული განიარაღების მომხრე არ არის.
ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეისგან ბირთვული სადგურებისა და აღჭურვილობის სრული სიის მოპოვებას ცდილობს. ამერიკული დაზვერვის ცნობით, ფხენიანს მინიმუმ ერთი საიდუმლო ბირთვული სადგური აქვს. ამასთან, სინგაპურში მიღწეული შეთანხმება რიგ დეტალებს არ ითვალისწინებს.