მაიკ პომპეო - ევროპული თავდაცვის ინიციატივაში 11 მილიარდზე მეტი ჩაიდო, რათა თავდაცვითი იარაღი ხელმისაწვდომი გამხდარიყო საქართველოსა და უკრაინისთვის
ევროპული თავდაცვის ინიციატივაში 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო, ჩვენი დახმარებით თავდაცვითი იარაღი საქართველოსა და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სენატში განაცხადა, სადაც მოსმენა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საკითხზე გაიმართა.
„ჩვენ ვიცავთ აშშ-ის ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ინტერესებს სირიასა და უკრაინაში. რუსეთთან პირადი საუბრისას ნათლად მივანიშნე მათ, რომ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას მოჰყვება შესაბამისი შედეგები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტი ტრამპისთვის კარგადაა ცნობილი იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც რუსეთი აშშ-ს, მის პარტნიორებს და მოკავშირეებს უქმნის და ის მრავლად დგამს შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი ინტერესების დასაცავად.
მინდა რამდენიმე რეალურ ფაქტს გავუსვა ხაზი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაწესდა 213 სანქცია რუსულ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებზე, 60 რუსი ჯაშუში იქნა განდევნილი აშშ-დან, დაიხურა რუსეთის საკონსულო სიეტლში, ეს იყო საპასუხო რეაქცია რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დიდ ბრიტანეთში. სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს დახურვა მოჰყვა აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლების შემცირებას რუსეთში თითქმის 70 პროცენტით. მოგვიანებით კი, ევროპაში მხოლოდ ერთ წელიწადში 150 წვრთნა ჩატარდა. 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო ევროპული თავდაცვის ინიციატივაში, ჩვენი დახმარებით თავდაცვითი იარაღი უკრაინისა და საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
სულ რაღაც გასულ კვირას კი, ჰელსინკის შემდეგ, დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოვყავით უკრაინაში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის ფონდებისთვის. 8 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ტრამპამდე მსგავსი არაფერი მომხდარა“- აღნიშნა მაიკ პომპეომ სენატში.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქართველოზე რამდენჯერმე ისაუბრეს. სხდომაზე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მოუსმინეს. მოსმენა სენატორმა ბობ კორკერმა გახსნა, რომელმაც რუსეთზე საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი. თავად სახელმწიფო მდივანმა საკუთარ გამოსვლაში განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს თავდაცვის სფეროში და ამის მაგალითი მაიკ პომპეოს თქმით, თავდაცვითი შეიარაღების გადაცემა იყო.