მაიკ პომპეო - აშშ-სკენ მიმავალ ჰონდურასელ მიგრანტებს საზღვარზე არ გადაუშვებენ
ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალ ჰონდურასელ მიგრანტებს საზღვარზე არ გადაუშვებენ. ამის შესახებ მაიკ პომპეომ განაცხადა. სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა სურთ, ლტოლვილებისთვის განკუთვნილი შესაბამისი პროცედურა უნდა გაიარონ.
„მიგრანტების ქარავანი მექსიკის სუვერენიტეტს, კანონსა და საიმიგრაციო პროცედურებს არღვევს. პრეზიდენტი ტრამპი არალეგალებს ამის გაკეთების უფლებას არ მისცემს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მექსიკის ხელისუფლებამ ვითარების დარეგულირებისთვის მისაღები ზომების შესახებ ძალიან კარგად იცის. სწორედ ამიტომ მათგან შესაბამის მოქმედებას ველით“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრისკენ მიმავალი მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკასთან არსებულ საზღვარს დახურავს და ამისთვის სამხედრო მოსამსახურეებს გამოიყენებს. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მიგრანტების ქარავანში დამნაშავეებიც არიან, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის მკვიდრნიც. თუმცა მექსიკაში ჰონდურასის ელჩმა, ალდენ რივერამ აღნიშნული ფაქტი უარყო.