მაიკ პომპეო - აშშ პარტნიორებთან კოორდინირებულად ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან კოორდინირებულად ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, აშშ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 7 სექტემბერს ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს სამი წევრის, მათ შორის მარია კოლესნიკოვას გატაცებისა და მათი უკრაინაში იძულებით გაძევების მცდელობის შესახებ ცნობების გამო.
აქვე აღნიშნულია, რომ აშშ აფასებს მარია კოლესნიკოვასა და ბელარუსი ხალხის სიმამაცეს, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ საკუთარ უფლებას, აირჩიონ ლიდერები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად.
„აშშ თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინირებულად განიხილავს დამატებით მიზნობრივ სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ჩართულია ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და რეპრესიებში. ჩვენ შევახსენებთ ბელარუსის ხელისუფლებას მათი პასუხისმგებლობის შესახებ, უზრუნველყონ ქალბატონი კოლესნიკოვასა და ყველა უსამართლოდ დაკავებულის უსაფრთხოება“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, მათ შორის აშშ-ის მოქალაქე ვიტალი შკლიაროვი და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ბელარუსის საზოგადოების ჭეშმარიტ წარმომადგენლებთან.