ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან ომი არ სურს, – ამის შესახებ მაიკ პომპეომ სოჭში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ვაშინგტონს სურს ირანი მოიქცეს როგორც ნორმალური ქვეყანა, თუმცა თუ მათ ინტერესებს თავს დაესხმიან, აშშ-ი ამის საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებს.
სოჭში შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან ერთად რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა რამდენიმე მნიშნველოვანი საკითხი განიხილეს და საკუთარი განსხვავებული პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
სერგეი ლავროვმა და მაიკ პომპეომ ვენესუელაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. აშშ-ის პირველმა დიპლომატმა მოსკოვს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ ვენესუელაში აშშ-ის ქმედებები არადემოკრატიულია.
უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმის ანექსიას არ აღიარებს. მისი თქმით, ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები მომავალშიც ძალაში დარჩება.
სოჭში გამართული შეხვედრის დროს მაიკ პომპეომ რუსეთი გააფრთხილა, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიოს. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა ამასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებები დასრულდება.