მაიკ პომპეო - აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შეიმუშავოს
აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შეიმუშავოს, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ განცხადებებს, რომ ირანი გამდიდრების შესაძლებლობების გაზრდას გეგმავს. ჩვენ არ დავუშვებთ, ირანმა ბირთვული იარაღი შეიმუშავოს. ირანი აცნობიერებს, რომ ჩვენი განზრახვა მტკიცეა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ირანი სულელურად ფლანგავს თავის რესურსებს. არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, თუ ირანში საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება“, – წერს მაიკ პომპეო.
შგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბეჰრუზ ქამალვანდიმ განაცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრების მოცულობის გაზრდას აპირებს. მისი თქმით, შესაბამის წერილს თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცემს.
მაისის დასაწყისში დონალდ ტრამპმა აშშ-ის ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს შეთანხმების დანარჩენმა მონაწილეებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი) და განაცხადეს, რომ შეთანხმების განხორციელებას გააგრძელებენ.