მაიკ პენსი თურქეთს მოუწოდებს, დონალდ ტრამპის მოთმინება არ გამოსცადოს და ამერიკელი პასტორი გაათავისუფლოს
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თურქეთს მოუწოდებს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება არ გამოსცადოს და ამერიკელი პასტორი გაათავისუფლოს. მაიკ პენსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„თურქეთში დაპატიმრებული პასტორი, ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულო ადამიანია. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ის გაათავისუფლონ. კარგი იქნება, თუ თურქეთი დონალდ ტრამპის მოთმინებას არ გამოსცდის. პრეზიდენტის, რომელიც პასტორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი.
ამერიკელი პასტორი ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზია. ედნრიუ ბრანსონი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 2016 წელს დააკავეს. მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ოფიციალური ანკარა ამერიკელი პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ანკარა მას 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ წინადადებას ოფიციალური ვაშინგტონი არ თანხმდება.