მაიკ პენსი - ტრამპი მზადაა, სირიაში სამხედრო ოპერაცია კიდევ ჩაატაროს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თქმით, დონალდ ტრამპი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სირიაში სამხედრო ოპერაცია კიდევ ჩაატაროს. ამის შესახებ მაიკ პენსმა კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გუშინ ღამით აშშ-ის მიერ საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩატარებული ოპერაცია საგრძნობლად ამცირებს სირიის ხელისუფლების შესაძლებლობებს, გამოიყენოს ქიმიური იარაღი.
პენსის თქმით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა „დეგრადირებული და განადგურებულია“.
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა გუშინ ღამით სირიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, რომელთა სამიზნე ქიმიური იარაღის საწარმო, საცავი და რამდენიმე სამხედრო ობიექტი იყო.
ვაშინგტონის, პარიზისა და ლონდონის იერიშს მხარდაჭერა კანადამაც გამოუცხადა.