მაიკ პენსი - აღმაშფოთებელია დონალდ ტრამპის პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლება, არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენი სასამართლო არ უნდა იქცეს იარაღად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლება აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს.
მისი შეფასებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე ნაფიც მსაჯულების მიღებული გადაწყვეტილება „საშინელ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემაზე“.
„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენი სასამართლო არ უნდა იქცეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად“, – აღნიშნავს პენსი.
როგორც „ფოქს ნიუსთან“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, ეს მილიონობით ამერიკელისთვის სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა.
„ასევე, ეს გადაწყვეტილება საშინელ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემაზე და კიდევ უფრო გვყოფს საზოგადოებას მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხი ებრძვის ბაიდენის წარუმატებელ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით და გარეთ“, – ამბობს პენსი.
პენსის თქმით, ტრამპს აქვს სრული უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება.
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს.