მაიამის ქალთა ტურნირზე სენსაციურ გამოსვლას აგრძელებს 24 წლის ამერიკელი დანიელ კოლინზი, რომელიც მსოფლიოს 93-ე ნომერია და ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა უკვე ნახევარფინალს მიაღწია, თან ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა – მეოთხედფინალში ორ სეტში მოუგო 37 წლის ვინუს უილიამსს – 6:2, 6:3.
შეხვედრა საათსა და 29 წუთს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში კოლინზმა ცხრიდან ოთხი ბრეიკპოინტი გამოიყენა, მისმა მეტოქემ – ხუთიდან ერთი.
კოლინზის მეტოქე ნახევარფინალში როლან გაროსის ჩემპიონი, ლატვიელი ელენა ოსტაპენკო იქნება, რომელმაც ორი ტაიბრეიკი მოუგო უკრაინელ ელინა სვიტოლინას – 7:6(3), 7:6(5).
საათისა და 49 წუთის განმავლობაში ჩოგბურთელებს თითქმის ერთნაირი სტატისტიკა ჰქონდათ: ოსტაპენკოს ათიდან ექვსი რეალიზებული ბრეიკპოინტი, სვიტოლინას – ცხრიდან ექვსი.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, მეორე ნახევარფინალური წყვილი ამერიკელმა სლოან სტივენსმა და ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ შეადგინეს.