მაია წერეთელი - კანდიდატის დაფინანსებისას ყურადღება ექცევა, როგორ გამოადგება უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ თავის სამშობლოს
შერჩევისას ჩვენთვის კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის. მათი მონაცემების სრულ ანალიზს მხოლოდ ანონიმური განაცხადების საფუძველზე ვახდენთ, – ამის შესახებ “განათლების საერთაშორისო ცენტრის” საკონკურსო კომისიის წევრმა, მაია წერეთელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„აპლიკანტის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება ხდება. მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ კანდიდატთან გასაუბრება, არამედ წინა ეტაპზე მათგან მიღებული მონაცემები“, – განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, კანდიდატებმა ყურადღება მიაქციონ და ზუსტი პასუხები გასცენ კითხვებს, რომელიც შერჩევის გარკვეულ კრიტერიუმებად არის მითითებული, რათა შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოხდეს.
„სასურველია ასევე მონაცემები, რომლებიც მათ სურთ განაცხადთან ერთად ატვირთონ, მოწესრიგებული ფორმით იყოს და მოთხოვნას ზუსტად პასუხობდეს. ასევე უმნიშვნელოვანესია, პირადი გასაუბრება, როცა კანდიდატებს უშუალოდ ვხვდებით, ვისმენთ მათ ისტორიებს და მოტივაციას, თუ რატომ სურთ ამა თუ იმ სფეროში განათლების მიღება, რა გამოცდილება აქვთ და ა.შ.
ამა თუ იმ კანდიდატის დაფინანსებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უამრავ ფაქტორს ვითვალისწინებთ – რამდენად კარგად აქვთ ჩამოყალიბებული უცხოეთში ცხოვრების თავისებურებანი, შეუძლიათ თუ არა შეეგუონ გარემოს, აქვთ თუ არა ადაპტაციის უნარი და ა.შ“, – განაცხადა მაია წერეთელმა.
როგორც კომისიის წევრმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ გამოადგება განათლების მიღების შემდეგ უკან დაბრუნებული ადამიანი თავის სამშობლოს.
„ამ შემთხვევაში განათლებაში ძალიან დიდი ინვესტიცია იდება და უმნიშვნელოვანესია, მათ გააცნობიერონ, რომ საზღვარგარეთ არა მხოლოდ პირადი განათლების, არამედ ზოგადად, საერთო სიკეთის მისაღებად მიდიან, რათა ქვეყანაში დაბრუნდნენ და მიღებული გამოცდილება აქ გამოიყენონ“, – განაცხადა მაია წერეთელმა.