მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვის ღალატისთვის დაკავებულები მკაცრად უნდა დაისაჯონ
ჩვენ მკაცრად უნდა დავსაჯოთ დამნაშავეები სახელმწიფო ღალატისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ორი ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, საკმარისი არ არის მხოლოდ ასეთი შემთხვევების გამოვლენა.
„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება, და არამხოლოდ მოლდოვის რესპუბლიკაში. მრავალი წლის განმავლობაში მოლდოვის რესპუბლიკა ამ პრობლემას სერიოზულად არ უყურებდა, რადგან ჩვენც გვყავდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის სათავეში იყვნენ და სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობდნენ. როცა ვამბობ დასჯას, ვგულისხმობ პროკურატურას და სასამართლოებს. იმედი მაქვს, ამჯერად მტკიცებულებები იქნება სერიოზული და ისეთივე სერიოზული იქნება იმ ინსტიტუტების დამოკიდებულება, რომლებიც ამ ადამიანებს დასჯიან. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამშობლოს ღალატის ეს მაგალითი დაისაჯოს ყველაზე მკაცრად, როგორც ამას კანონი ითხოვს“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვის პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევეს, ორი ადამიანი კი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს.