მაია სანდუმ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის შედეგების დამტკიცებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის შედეგების დამტკიცებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა.
მოლდოვას პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის განმტკიცება ხალხის ნებას ასახავს, რაც რეფერენდუმზე გამოვლინდა.
„მოლდოვა ისტორიულ ნაბიჯს დგამს, რადგან დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც აირჩიეს მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული მომავალი“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის შედეგები დაამტკიცა. რეფერენდუმის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში შევა ცვლილებები. კონსტიტუციის პრეამბულაში (შესავალ ნაწილში) დაემატება შემდეგი ჩანაწერი: „ვადასტურებთ მოლდოვის ხალხის ევროპულ იდენტობას და მოლდოვის ევროპული კურსის შეუქცევადობას, ვაცხადებთ ევროპულ ინტეგრაციას მოლდოვის სტრატეგიულ მიზნად“. ასევე, კონსტიტუციაში შევა ცალკე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ.
შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს ევროინტეგრაციის შესახებ მოლდოვაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოლდოვის კონსტიტუციაში ევროკავშირში გაწევრიანებაის შეუქცევადობის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მხარი დაუჭირა 749,719 ამომრჩეველმა, 739,155-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.