მაია სანდუ - უახლოეს დღეებში დავასრულებთ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას, ვიმედოვნებთ, ევროპული ინსტიტუტისგან დადებით შეფასებას მივიღებთ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვა ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას უახლოეს დღეებში დაასრულებს და იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული ინსტიტუტები მოლდოვის ევროკავშირში წევრობის განაცხადს დადებითად შეაფასებენ.
ამის შესახებ მან მოლდოვაში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ წინაშე არსებული სირთულეების მიხედვით ჩვენი გეგმები და განზრახვები არ შეცვლილა. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, მდგრადობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების გაძლიერება. ჩვენ გვინდა, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თავისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ გვინდა სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელება და ანტიკორუფციული კონტროლის ძალისხმევის გაძლიერება. ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს ახალგაზრდებს სამშობლოში მუშაობის და ცხოვრების შესაძლებლობა. მოლდოვის მოქალაქეებს სურთ, იცხოვრონ მშვიდ და აყვავებულ ქვეყანაში, სადაც მათი უფლებები დაცულია. ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ინტეგრაცია, როგორც განვითარების მოდელი. ჩვენს გვერდით არასტაბილურობამ და ომის საფრთხემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი არჩევანის დაცვა და მტკიცედ დგომა ამ გზაზე“, – განაცხადა სანდუმ.
მაია სანდუს განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი ხანგრძლივია და მოლდოვას ეს კარგად ესმის.
„მარტში მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა და ამით ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ვალდებულება ევროპული გზის მიმართ. 22 აპრილს ჩვენ ევროკომისია ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ კითხვარის პირველი ნაწილი წარვუდგინეთ. უახლოეს დღეებში ჩვენ დავასრულებთ კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას. ვიმედოვნებთ, რომ წევრობის განაცხადზე ევროპული ინსტიტუტისგან დადებით შეფასებას მივიღებთ. ევროინტეგრაციის პროცესი რთული და ხანგრძლივია და ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ პროცედურაში ხარვეზებს არ ვეძებთ და დათმობებზე წასვლას არ ველოდებით, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება მალე მიიღონ მომავალი, რომელსაც იმსახურებენ, მომავალი ევროპული სახელმწიფოების ოჯახში. ყველა ჩვენი გეგმის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობის პირობებში. მშვიდობის აღდგენა ჩვენი პრიორიტეტია ამ მომენტში. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს შეთანხმებულად ჩვენს რეგიონსა და კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის დასამყარებლად. ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა სანდუმ.
მაია სანდუმ ისაუბრა უკრაინაში ომით გამოწვეული რეგიონული გამოწვევების შესახებ და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ვიზიტი ხორციელდება მოდლოვისთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან დროს,თუმცა ასევე რეგიონში რთული კონტექსტის პირობებში. მე ვაფასებ ევროკავშირის სოლიდარობას ჩემი ქვეყნის მიმართ. 10 კვირაა ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის სასტიკ რეალობაში. მთელი მსოფლიო შეშფოთებულია იმით, თუ რა ხდება ჩვენს გვერდით მდებარე ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში. მოლდოვა გმობს ამ გამანადგურებელ ომს. მოლდოვა პირველივე დღეებიდან გამოვიდა მშვიდობის აღდგენის მოწოდებით და ჩვენმა მოქალაქეებმა გაუღეს სახლები და გულები უკრაინელი ლტოლვილებს თავშესაფრის შესათავაზებლად. 90 ათასზე მეტი ლტოლვილი რჩება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომ შევძლოთ ომს გამოქცეული ადამიანების დახმარების გაგრძელება. ამ კონტექტსში ჩვენ ვაფასებთ ლტოლვილთა ნაკადთან გასამკლავებლად ევროკავშირის მხარდაჭერას გრანტების, ჰუმანიტარული დონაციებისა და ჯამში 13 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების სახით. უკრაინის ომს აქვს სეროზული ეკონომიკური, სოციალურ და ჰუმანიტარული შედეგები მოლდოვისთვის. ჩვენ ვაფასებთ ევროკომისიის მხარდაჭერას“, -აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მაია სანდუმ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი გაუხსნის ბაზარს მოლდოვის საკვებ და სხვა სახის პროდუქტებს, რომლებისთვისაც ომის გამო აღმოსავლეთ ბაზარი აღარ არის ხელმისაწვდომი. როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის ბაზარზე დაშვებული მოლდოვური პროდუქტების სიის გაფართოება იქნებოდა დიდი მხარდაჭერა ქვეყნისთვის და ადგილობრივი მეწარმეებისთვის. სანდუმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ მოლდოვის მობილურ ოპერატორებს ევროპული როუმინგის სისტემაში მიიღებენ.
„ევროპულ ბაზარზე ღრმა ინტეგრაცია გააძლიერებს ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას ომის პირობებში. ბატონო მიშელ, ჩვენ მოლდოვაში გვაქვს გამოთქმა, რომ ნამდვილი მეგობარი გასაჭირში იცნობა. ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი. ჩვენი მეგობრობა დროით არის დადასტურებული და მრავალ სფეროშია გამოვლენილი“, – აღნიშნა სანდუმ.