მაია სანდუ - პოლიციამ ბევრი დარღვევა ნახა გუშინდელ დემონსტრაციაზე, შესაბამისად, საჭირო იყო, ჩართულიყვნენ სამართალდამცველები
პოლიციამ ნახა ბევრი დარღვევა გუშინდელ დემონსტრაციაზე, ამ დემონსტრაციის ორგანიზატორებმა არ უზრუნველყვეს პროტესტის კანონიერი განხორციელება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გუშინ, მოლდოვაში გამართული აქციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მაია სანდუს თქმით, აუცილებელი გახდა, რომ აქციის მიმდინარეობაში სამართალდამცველები ჩართულიყვნენ.
„პოლიციამ ნახა ბევრი დარღვევა გუშინდელ დემონსტრაციაზე. ამ დემონსტრაციის ორგანიზატორებმა არ უზრუნველყვეს პროტესტის კანონიერი განხორციელება, იყო ასევე აკრძალული ობიექტები, სადაც არ არის ნებადართული მშვიდობიანი პროტესტი, დემონსტრაცია. შესაბამისად, იყო საჭირო რომ ჩართულიყვნენ. დიდი მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მშვიდად და სწრაფად აღადგინეს საზოგადოებრივი სიმშვიდე“, – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვური მედიის ცნობით, კიშინეუს ცენტრში 16 ოქტომბერს პარტია „შორის“ მომხრეთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. მოგვიანებით, პოლიციელებმა კარვები დაშალეს. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მოლდოვაში ანტისამთავრობო აქციები 18 სექტემბრიდან ყოველ კვირა დღეს იმართება. პარტია „შორის“ თავმჯდომარე პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ილან შორია, ის საზღვარგარეთ იმყოფება და საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმის ფარგლებში.