მაია სანდუ - მოლდოვისთვის მართლმსაჯულების რეფორმირების საერთაშორისო პრაქტიკა არაეფექტური აღმოჩნდა, ქვეყანაში კორუფცია ძალიან ღრმად არის გამჯდარი
მაია სანდუ - მოლდოვისთვის მართლმსაჯულების რეფორმირების საერთაშორისო პრაქტიკა არაეფექტური აღმოჩნდა, ქვეყანაში კორუფცია ძალიან ღრმად არის გამჯდარი

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის საერთაშორისო პრაქტიკა მოლდოვისთვის არაეფექტური აღმოჩნდა.

მოლდოვურ მედიასთან ინტერვიუში სანდუმ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ „რადიკალურად ახალი ზომები“.

სანდუს თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის გატარება „თეთრი ხელთათმანებით შეუძლებელია“.

„მოქალაქეებისგან მესმოდა, რომ უფრო მკაცრად უნდა გვემოქმედა. მართლმსაჯულების რეფორმირების საერთაშორისო პრაქტიკა არაეფექტური აღმოჩნდა მოლდოვისთვის, სადაც კორუფცია ძალიან ღრმად არის გამჯდარი“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა, „ფაქტობრივად, უღალატეს ქვეყანას და საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი მომავალი“.

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა და მთავრობამ უნდა მიიღონ რადიკალური ახალი ზომები“, – აცხადებს სანდუ.

მანამდე მაია სანდუმ ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ მოლდოვაში თავისუფლებაზე „უპრეცედენტო თავდასხმა“ ხორციელდება. მოლდოვის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელმაც „ვერ დაასრულა კორუფციული საქმეები“.

„ხალხმა იცის, მაგრამ მხოლოდ მათ არ იციან, რა იყო მოთავსებული იმ პაკეტში, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დოდონმა პლახოტნიუკისგან მიიღო. მხოლოდ მათ არ იციან, ვინ მოჰპარა მილიარდი მოლდოველ მოქალაქეებს. მოლდოვურმა მართლმსაჯულებამ ვერ შეამჩნია, როგორ მოიგო ილან შორმა არჩევნები ორჰეიში, გაგაუზიაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ნაყიდი ხმების გარეშე შედეგი სხვანაირი იქნებოდა“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, მოლდოვის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს. მათი თქმით, დანაშაულებრივი ქსელის ორგანიზატორი რუსეთში გახიზნული მოლდოველი ბიზნესმენი ილან შორია, რომლის პარტიაც მოლდოვაში აკრძალეს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში გავიდნენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და სოციალისტური პარტიის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლო.