მაია სანდუ - მოლდოვას, ევროინტეგრაციის გარდა, სხვა გზა არ აქვს, ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი უნდა იყოს
მოლდოვას, ევროინტეგრაციის გარდა, სხვა გზა არ აქვს, ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი უნდა იყოს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სანდუმ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარ ვიწრო ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ამ გზას უპირობოდ დაუჭირონ მხარი.
მოლდოვის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ოპოზიციური პარტია „შორი“, რომელიც ბოლო თვეებში რეგულარულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ატარებს. სანდუს თქმით, პარტიის მიზანია დესტაბილიზაციის მოწყობა და ძალადობის გზით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა.
სანდუმ ასევე გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა მოლდოვის მიმართ. მაია სანდუს თქმით, კრემლიდან „მხოლოდ მუქარა, ემბარგო და შანტაჟი“ მოდის.
„წლებია, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები გვყოფდნენ და ყველანაირ ტყუილს იყენებდნენ პირადი მიზნებისთვის. 2030 წელს მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ახლა ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, მოლდოველებმა აირჩიეს ევროპული გზა“, – განაცხადა მაია სანდუმ.