მაია სანდუ - მოლდოვას დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზით სურს და უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ამის გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს
მაია სანდუ - მოლდოვას დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზით სურს და უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ამის გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს

მოლდოვის ხელისუფლებას დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ მშვიდობიანი გზით სურს და უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ამის გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ კიშინეუში დიასპორასთან შეხვედრაზე მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

ამასთან, სანდუმ აღნიშნა, რომ ამჟამად მთავრობის მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი რისკის ზონაში, დნესტრისპირეთის რეგიონში.

„ჩვენ მშვიდობის პირობებში უკრაინის არმიის წყალობით ვცხოვრობთ. ჩვენ ასევე ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა არ დაგვეშვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, რომ შეგვენარჩუნებინა წესრიგი და მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, რათა გვებრძოლა სიცრუესთან. ჩვენ დაინტერესებული ვართ დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ მშვიდობიანია და, შესაძლოა, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, გაჩნდეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, დავარეგულიროთ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა მაია სანდუმ.