მაია სანდუ - მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს
მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მოლდოვაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას, საკუთარი უსაფრთხოება დამოუკიდებლად დაიცვას.
„ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. და თუ ამ ეტაპზე მივედით, მაშინ ჩვენ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა მოგვიწევს. ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესით“, – განაცხადა სანდუმ.
მისივე თქმით, მოლდოვის მიერ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება არ შეიძლება, აღქმული იყოს პროვოკაციად, რადგან მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა და ერთადერთი აგრესორი რუსეთია, რომელმაც მეზობლების წინააღმდეგ ომი წამოიწყო.
„რუსეთის პროპაგანდამ მოახერხა, დაერწმუნებინა მოსახლეობის ნაწილი, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ შენ თავდაცვის სექტორში ფული არ უნდა დააბანდო. რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, როდესაც არაფერს აკეთებ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას არ ექნება შესაძლებლობები თავდაცვისთვის, ეს კი არასწორია“, – განაცხადა სანდუმ.