მაია სანდუ - მოლდოვა ახლა გზაჯვარედინზეა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ისტორიული შესაძლებლობაა
მოლდოვა ახლა გზაჯვარედინზეა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ისტორიული შესაძლებლობაა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთის კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ვერავინ შეძლებს მოლდოვის საზოგადოებაში უთანხმოების ჩამოგდებას.
„როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს დნესტრზე მომხდარ საბრძოლო მოქმედებებს, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ არ დაუშვებთ ამ ტრაგედიის განმეორებას. და მაშინაც კი, თუ არსებობენ ძალები, რომლებიც აგრძელებენ ჩვენ შორის უნდობლობისა და უთანხმოების დათესვას, მე გარკვევით და ხმამაღლა ვამბობ: მათ არ გამოუვათ – არც ახლა და არც მომავალში. დნესტრის ორივე მხარეს ხალხს არაფერი აქვს გასაყოფი, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ – კიშინეუში თუ ტირასპოლში, ბელციში თუ ბენდერიში, კომრატიში თუ ტარაკლიაში. მოლდოვის ხალხი მშვიდობასა და თავისუფლებას ისე აფასებს, როგორც არასდროს“, – განაცხადა მაია სანდუმ.
1992 წლის 2 მარტს დაიწყო დნესტრზე შეიარაღებული კონფლიქტის აქტიური ფაზა. დნესტრისპირეთში მცხოვრებთა 55 პროცენტი რუსები და უკრაინელები არიან.