მაია სანდუ - კიშინეუში საპროტესტო გამოსვლები ორგანიზებულია რუსეთისგან დაფინანსებული ჯგუფების მიერ და წარმოადგენს შურისძიებას ევროკავშირისა და უკრაინის მიმართ მოლდოვის სოლიდარობის გამო
კიშინეუში საპროტესტო გამოსვლები ორგანიზებულია რუსეთის მიერ პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერ და წარმოადგენს შურისძიებას ევროკავშირისა და უკრაინის მიმართ მოლდოვის სოლიდარობის გამო, – მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ პარიზში მოლდოვის დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
„ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომელთა მიზანია მოლდოვის დესტაბილიზაცია. ჩვენზე თავდასხმა არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის წინაშეც ჩვენ ამჟამად ვართ. ასეთი ჯგუფები, რომლებიც ფულს უხდიან მათ მსგავს ადამიანებს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთის მიერ. ეს მტრული ქმედებები არის შურისძიება ამ ომში მოლდოვის წვლილისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროკავშირთან და უკრაინასთან“, – თქვა მაია სანდუმ.
მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ ომის შედეგები კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში იქნება საგრძნობი და რომ მოლდოვა უკრაინასთან ერთად მომავალშიც იდგება დემოკრატიის, მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მოლდოვა უკრაინის მიმართ სოლიდარობის ძალისხმევის მოწინავე მხარესაა. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობასთან. ჩვენ გავაძლიერებთ შესაძლებლობებს, რომ ვიყოთ ევროკავშირისთვის ფარი ასეთი რისკებისგან დასაცავად. თუმცა, ომის შედეგები საგრძნობი იქნება კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მოლდოვის რესპუბლიკა ირჩევს დემოკრატიას, მშვიდობას, თავისუფლებას, ევროკავშირს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, – აღნიშნა სანდუმ.
შეგახსენებთ, ქვეყნიდან გაქცეული ილან შორის პარტია „შორი“ უკვე ორ თვეზე მეტია მოლდოვის დედაქალაქში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მართავს. ილან შორი საერთაშორისო ძებნილადაა გამოცხადებული მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმის ფარგლებში.