მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედი კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ ვითარების არევას
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, ქვეყანაში მოქმედი კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად ცდილობენ ვითარების არევას. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ახლა წამოიწყეს აქციები, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად ახდენენ დესტაბილიზაციას.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მოლდოვაში ბევრი ფული მოიპარა, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებს, პრორუსულ პარტიებს – მათ ყველას მიზნად აქვთ მოლდოვის დესტაბილიზაცია. ისინი სათავისოდ იყენებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან. ჩვენ შემართულები ვართ, დავიცვათ დემოკრატია“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოლდოვაში აქტიურ ანტისამთავრობო აქციებს მართავს პარტია „შორი“.