მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვამ დსთ-ს წევრობიდან ეკონომიკური უპირატესობის მიღება უნდა განაგრძოს
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვამ უნდა განაგრძოს დსთ-ს წევრობიდან ეკონომიკური უპირატესობის მიღება. ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
კითხვას, აპირებს თუ არა მოლდოვა დსთ-დან გასვლას, მაია სანდუმ უპასუხა, რომ „ვიდრე ქვეყანას შეუძლია, უპირატესობა მიიღოს ამ შეთანხმებიდან, მან ეს უნდა გააკეთოს“.
„ახლა არსებობს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობებში, მაგრამ დსთ-ში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებთანაც კომერციული ურთიერთობები გაგვაჩნია. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მანამადე, მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ამ ორგანიზაციაში ყოფნის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელოს.
გროსუმ განაცხადა, რომ რუსეთმა ემბარგო დააწესა მოლდოვურ პროდუქციაზე, რაც მისივე თქმით, „გაკვეთილი იყო მოლდოველი მეწარმეებისთვის, რომლებმაც სხვა ბაზრები მოიძიეს“. მისივე თქმით, ახლა მოლდოვის პროდუქციის 70% ევროკავშირში გადის.
2022 წელს, მარტში მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანა დსთ-დან გასვლის დროს შეარჩევს და ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც მოლდოვა მიაღწევს საკმარისს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.
დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომელიც მათ ტარიფების გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს.