მაია ქურციკიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კოვიდის დაკარგული თაობა
პანდემიისგან მიყენებული ზიანი, რაც ბავშვებს მიადგა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ „იუნისეფი საქართველოს“ კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა თავის გლობალურ ანგარიშში აღნიშნა, თავიდან ავიცილოთ კოვიდის დაკარგული თაობა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ ახალგაზრდების მთელი პოტენციალი. ძალიან ბევრ მათგანს არ ჰქონდა საშუალება, განათლება მიეღო, დისტანციურ განათლებაში ჩართულიყო და ასევე, მათთვის შეფერხდა მთელი რიგი მომსახურებების მიწოდება“, – განაცხადა ქურციკიძემ.
მისი თქმით, მთავრობასთან აქტიურად მიდის თანამშრომლობა ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.
„ყველაზე დაუცველი ჯგუფი იყო შშმ ბავშვები და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მინდა, მადლობა ვუთხრა თქვენს ტელევიზიას, რადგან თქვენ ტელევიზიაში დაიწყო სპეციალური გადაცემების ციკლი – „მშობლის საათი“. ეს გადაცემები შშმ ბავშვების მშობლებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ყველანაირი სერვისის მიღმა აღმოჩდნენ“, – განაცხადა ქურციკიძემ.
ქურციკიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არის 50 400 ბავშვი, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ელექტრონული მოწყობილობები განათლების მისაღებად.
„როცა 21-ე საუკუნის განათლებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის გარეშე ვილაპარაკოთ ნორმალურ, ხარისხიან განათლებაზე. ეს პანდემიის გარეშეც აუცილებელია ბავშვისთვის, რომ მან 21-ე საუკუნის კომპეტენციები შეიძინოს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში გვყავს ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ამ პანდემიის პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი, ბევრ რეგიონში ვიყავი და ვნახე ოჯახი, სადაც ერთი მობილური ტელეფონი ჰქონდათ, ოჯახში კი შვიდი ბავშვი იყო და ყველა ამ ერთი მობილური ტელეფონით სარგებლობდა. მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში განათლების ხარისხი ვერანაირად ვერ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ქურციკიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში კვლევა იმის შესახებ, რა მიზნით სტუმრობენ ბავშვები ინტერნეტს, მაია ქურციკიძემ განაცხადა, რომ „იუნისეფი საქართველოს“ მთლიანად ბავშვებში ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია, თუმცა, ასეთი კვლევა არსებობს.
„რამდენადაც ვიცი, არის ასეთი კვლევა. რისკებზე რომ ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რადგან ბავშვების ინფორმირება თავდაცვის საუკეთესო იარაღია. ხშირ შემთხვევაში, თავად მშობლებმაც არ იციან, ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, შვილებს ვერ დაეხმარებიან. ამისთვის, აუცილებელია მშობლების ინფორმირება, მხარდაჭერა და დახმარება, როგორ დაიცვან თავიანთი შვილები ონლაინ სივრცეში“, – განაცხადა ქურციკიძემ.
მაია ქურციკიძემ ასევე განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაცია გაუარესდა.
„პანდემიის პერიოდში მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაცია გაუარესდა, რადგან მშობლებიც ძალიან ბევრი სტრესის წინაშე აღმოჩდნენ. პანდემიის პერიოდში ჩვენ გვქონდა ვებინარების მთელი სერია მშობლებისთვის, თუ როგორ უნდა გააუმჯობესო ბავშვთან კომუნიკაცია“, – განაცხადა ქურციკიძემ.