მაია ომიაძე - 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეზე საქართველოში ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჩამოვა და გვექნება შესაძლებლობა, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, მისი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი
ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიო ტურიზმის დღე წლის მთავარი მოვლენაა, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა, რომელიც ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომას დაესწრო.
მისი განმარტებით, 2024 წელს, როდესაც საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი იქნება, ქვეყანაში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვა, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.
„2024 წელს საქართველო გახდება ტურიზმის დღის მასპინძელი. ევროპის კომისიამ ერთხმად მხარი დაგვიჭირა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეზე ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჩამოვა და გვექნება შესაძლებლობა გავაცნოთ მათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, ასევე ტურიზმის პოტენციალი და ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციის ინიციატივას გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსსამსახური ავრცელებს.