მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში მიიღებს მონაწილეობას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ პარტიულ საქმიანობაში, კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში იღებს მონაწილეობას.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაია მიმინოშვილი პროფესიონალი და ძალიან კარგი კადრია, რომელიც წლების განმავლობაში გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარმატებით ხელმძღვანელობდა.
„მაია მიმინოშვილი დღეს მონაწილეობას იღებს პარტიულ საქმიანობაში, გადამზადებასა და ტრენინგებში და ამ თვალსაზრისით გვეხმარება. ახალ სახეებზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. „ქართული ოცნების“ გაჯანსაღების პროცესი მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. ჩვენ შევეცდებით, მეტი პოზიტიური, ახალი სახე შემოვიყვანოთ პარტიაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.