მაია კოპალეიშვილი - ვამაყობ, რომ ვიყავი ადეიშვილის და გვარამიას მოადგილე, მეამაყება, ვამბობდე, სადაც მე ვმუშაობდი
წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი ადეიშვილის და გვარამიას მოადგილე, – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მანამდე მაია კოპალეიშვილს წარსული შეახსენა.
კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, საკუთარი წარსულისთვის მიეხედა.
„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი მოადგილე. სხვათა შორის, თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ საქართველოში. თქვენ მიხედეთ თქვენს წარსულს, გავრილოვი თქვენ ჩამოიყვანეთ, მე არ ჩამომიყვანია. თქვენ რაც უნდა თქვათ, ვერანაირად ვერ იმოქმედებთ ჩემზე“, – მიმართა მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს.
ამასთან, მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა: „მისი გაგებით, რაღაც ცუდი მითხრა. რაც მან თქვა, ეს ჩემთვის ცუდი არ არის. მეამაყება, ვამბობდე, სადაც ვმუშაობდი, მაგრამ თვითონ ვერასოდეს იამაყებს გავრილოვის ჩამოყვანით“.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტი ყოფილიყო სასამართლოში, რადგან რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს ამბობენ“. ამის შემდეგ მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ არასოწორი იყო, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებდა და სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა, იყო თუ არა ეს გაპროტესტების საფუძველი. ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს მიმართა, სიტყვა არ შეეწყვეტინებია: „ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით“.