მაია კოპალეიშვილი - სასამართლოს არ აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს
მაია კოპალეიშვილი - სასამართლოს არ აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს

სასამართლოს არა აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს, რამეთუ არ არსებობს ასეთი მოცემულობა, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, დღეს არის სასამართლოს განხილვის მეორე ეტაპი.

„სასამართლო მთელი ძალით ჯერ მხარეებთან კითხვების სახით არ ჩართულა. ამიტომ ჯერჯერობით პირადად თავს შევიკავებ რაიმე კონკრეტული შეფასებებისგან. როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ასეთი მაღალი წარმომადგენლობით არის წარმოდგენილი, რისკები ყოველთვის არის, რომ სასამართლო არ მოექცეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. ამისგან რომ გათავისუფლდეს სასამართლო, ბუნებრივია, პროცესმა უნდა დატოვოს სამართლიანობის განცდა ობიექტურ დამკვირვებელში. სასამართლოს არა აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს, რამეთუ არ არსებობს ასეთი მოცემულობა, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი. თავად კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარდგინება არის სრულიად დაუსაბუთებელი. არ არის მოყვანილი არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ დარღვევა იყო. უბრალოდ, ზედაპირულად არის აღნიშნული და არის სიტყვათა თამაში. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად დგას იმ საჭიროების წინაშე, რომ ნორმათა ნორმატიული შინაარსის განმარტება გააკეთოს და ასევე გამიჯნოს 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ერთმანეთისაგან. ყოველ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას აქვს თავისი შინაარსი და ასეთი ცალსახა მიჩნევა, რომ ყოველი საგარეო ურთიერთობა შეიძლება, საჭიროებდეს მთავრობის მხრიდან თანხმობას, ასეთი საუბარი, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა, რამეთუ პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში“, – განაცხადა კოპელაიშვილმა.