მაია კოპალეიშვილი - სასამართლო ვალდებულია, იმოქმედოს 78-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რათა მისმა დასკვნამ ხელი არ შეუშალოს ამ მუხლით გათვალისწინებულ ევროინტეგრაციის პროცესს
კონსტიტუციის 78-ე მუხლი ჩვენი ევროინტეგრაციის კურსის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია, ის განყენებულად არ არსებობს, მიბმულია ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაზე, – ამის შესახებ იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
კოპალეიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, დასკვნის გამოტანისას იმოქმედოს 78-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რათა მისმა დასკვნამ ხელი არ შეუშალოს ამ მუხლით გათვალისწინებულ ევროინტეგრაციის პროცესს.
„კონსტიტუციის 78-ე მუხლი არ არის ის მუხლი, რომელსაც მხოლოდ ერთ ჭრილში შევხედავთ. 78-ე მუხლი ჩვენი ევროინტეგრაციის კურსის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია. ის განყენებულად არ არსებობს, ის მიბმულია ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაზე. ყველა კონსტიტუციური ორგანო, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როცა ამ საქმეზე დასკვნას გამოიტანს, იმოქმედოს 78-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, რათა მის მიერ მიღებულმა დასკვნამ ხელი არ შეუშალოს სწორედ 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროინტეგრაციის პროცესს. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ და საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრმა“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.