მაია კოპალეიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ეს მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები აქვს, რაც კონსტიტუციაშია, სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა
საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ეს მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები გააჩნია, რაც კონსტიტუციაშია, სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
როგორც მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მოქმედებდა 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.
„აქ ძალიან მნიშვნელოვანია თავად 49-ე მუხლის შინაარსი, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. პარლამენტის მხარის პოზიცია, თითქოს ეს გულისხმობს პრეზიდენტის სტატიკურ მდგომარეობას და არანაირი უფლებამოსილებები არ გააჩნია, მცდარია. სტატუსი ყოველთვის არის გარკვეული სამართლებრივი მდგომარეობის მიმანიშნებელი, განმსაზღვრელი და სამართლებრივი მდგომარეობა. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, რომ პრეზიდენტს სტატუსი აქვს და არ აქვს არანაირი უფლებამოსილება. მას უფლებამოსილება აქვს სტატუსიდან გამომდინარე. საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური – ეს მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები გააჩნია, რაც კონსტიტუციაშია, სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა. სტატუსი განსაზღვრავს სამართლებრივ მდგომარეობას და სამართლებრივი მდგომარეობა მოიცავს უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს უფლებამოსილებას. უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა ქმნის უფლებამოსილებას“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.