მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის ტენდენციური, სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დროის სიმცირის გამო, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს და დასკვნა არის ტენდენციური, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კოპალეიშვილის თქმით, სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში.
„ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებსა და ტერმინებში, უბრალოდ მხოლოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით.
„პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში, ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ, რა შეიძლებოდა, რომ გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიღმა და საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს აქვს თუ არა მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში. მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას, აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და შესაძლოა, პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და იყენებს ფრაზებს, რომ ის მაინც არ შევა კონსტიტუციის ამა თუ იმ დათქმის სრულ განმარტებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოდან ნამდვილად მეტს ველოდი. მქონდა რწმენა, რომ სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმ განმარტების შედეგად, რაც შემოგვთავაზა – მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის, მისი ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ასე შემდეგ, მოაქცია მთლიანად მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ. ეს სრულიად წარმოუდგენელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობდეს ზუსტად იმ ენით, იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო ცოტა უფრო მეტი სინათლე შეეტანა საკითხში.
სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ მიდგომებს. ფაქტობრივად, იმის იმედზეა, რომ საკითხი გადადის პარლამენტში და პარლამენტი როგორც იცით, კოლეგიალური ორგანოა და იქ შესაძლოა, საჭირო ხმების რაოდენობა არ იყოს საკმარისი. ამის იმედად არის საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არის სირცხვილი, თუკი სასამართლო ასე უყურებს კონსტიტუციურ და ინსტიტუციურ წესრიგს, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.