მაია გოიკოვიჩი - სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას
სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადების დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
“სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ერთგულია საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპის, რომელსაც ჰქვია საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდაჭერა”, – განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.
სერბეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ასევე მადლიერება გამოხატა საქართველოს მხრიდან სერბეთის მხარდაჭერის და კოსოვოსთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო.
“სერბეთის რესპუბლიკის ინტერესებშია და ამისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ მას არ უღიარებია კოსოვო და არ უჭერს ასევე მხარს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორიც არის მაგალითად იუნესკო”, – განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.
ამ კონტექსტში საინტერესო იყო სერბეთის პარლამენტის სპიკერის პოზიცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთში ჩასვლასა და სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრაზე. თუმცა ქართულ მედიას სპიკერთან კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა.
სერბეთისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადებების დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობებზე ისაუბრეს.