მაია დათუკიშვილი - თბილისის მერიაში შტატების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება იზრდება
თბილისის მერიაში შტატების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება იზრდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაია დათუკიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს გვეუბნებიან, რომ მერია, რომელსაც პიარსამსახურის ერთი ბატალიონი თანამშრომელი ჰყავდა, ამ ფუნქციებიდან გამოთავისუფლდება და ეს ადამიანები კონკრეტულ აიპ–ში დასაქმდებიან. იმის მიუხედავად, რომ ადამიანები ამ აიპ–ში მოჰყავთ, მერიაში საშტატო რიცხოვნობა და სახელფასო ანაზღაურება იზრდება. ასევე უხვად აპირებენ შტატგარეშე თანამშრომლების აყვანასაც, რაც კატასტროფაა იმის ფონზე, როცა ადამიანები გამგეობებს 80–ლარიან წამალს ეხვეწებიან და დახმარებას ვერ იღებენ, რადგან ისინი მათი მხარდამჭერები არ არიან“, – განაცხადა დათუკიშვილმა.
მისი თქმით, ტელეფონზე ურეკავენ იმ ადამიანებს, რომლებმაც„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრებს დასახმარებლად, შუამდგომლობისთვის მიმართეს.
„ამ ადამიანებს გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი პირდაპირ ურეკავს და ეუბნება, თუ რატომ მოგვმართავენ ჩვენ. ახლა, უბრალოდ, მათ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ასეთი ფაქტები არსებობს“, – განაცხადა დათუკიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ასეთი ფაქტების გადამოწმება, რათა ჟურნალისტებმა რეპორტაჟები მოამზადონ, მაია დათუკიშვილმა განაცხადა, რომ თუ ეს ადამიანები თანახმა იქნებიან, მათ კოორდინატებს საზოგადოებრივი მაუწყებელს მიაწვდის.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ კახი კალაძე ისეთივე სიპ–ებსა და აიპ–ებს ქმნის, როგორებიც თავის დროზე გიგი უგულავას ჰქონდა, მაია დათუკიშვილმა განაცხადა, რომ ამ მხრივ, დღეს უფრო უარესი მდგომარეობაა.
„ვერ ვიტყვი, რომ გიგი უგულავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უარესი ხდებოდა, ვიდრე დღეს. მაგალითად, ნარმანიას მმართველობის პირობებში საშტატო რიცხოვნობა გაიზარდა და თბილისი მერია „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დაკომპლექტდა. დავით ნარმანიამ ერთ დღეს, ერთი ხელის მოწერით, გამგეობებში 610 ადამიანი შტატგარეშე მოსამსახურედ დაასაქმა. მათ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ – 1500 ლარიდან 5000 ლარამდე“, – განაცხადა მაია დათუკიშვილმა.