მაია დათუკიშვილი - თბილისის მერია დღეს იმაზე უფრო ჩაკეტილია, ვიდრე გასული სამი წლის განმავლობაში
თბილისის მერია დღეს იმაზე უფრო ჩაკეტილია, ვიდრე გასული სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაია დათუკიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მერი დეკლარირებულად აცხადებს, რომ ის გახსნილია, მაგრამ ეს ფარსია, რადგან მას ჩვენთან აბსოლუტურად ნულოვანი კოორდინაცია აქვს“, – აღნიშნა დათუკიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრებმა თბილისის მერს წერილობით მიმართეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ტელევიზიების გარეშე, საქმიან ვითარებაში შეხვედრა შესთავაზეს, მაგრამ კახი კალაძემ საპასუხო ნაბიჯები არ გადადგა.
„მაგალითად, როცა ის თბილისის მთავრობას ამტკიცებდა, როცა ჰომოფობ და ქსენოფობ ადამიანს, სულიკო კედელაშვილს ერთ–ერთი წამყვანი სამსახურის ხელმძღვანელად ნიშნავდა, ვთხოვეთ, რომ შევხვედროდით, რათა ამ ადამიანებთან დაკავშირებით მასალები გაგვეცნო, მაგრამ ის სრულ იგნორირებას აკეთებს და არანაირი შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმის უნარი არ გააჩნია“, – განაცხადა მაია დათუკიშვილმა.