მაია ცქიტიშვილი - ვისურვებდი, ენდიაის კვლევებს საქართველოში სანდოობის მეტი ხარისხი ჰქონოდა
ვისურვებდი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) კვლევებს საქართველოში სანდოობის მეტი ხარისხი ჰქონოდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელსაც კორუფციის მხრივ კვლევის შედეგებზე დაუსვეს შეკითხვა.
„დიდ სინანულს გამოვთქვამ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს, სამწუხაროდ, საქართველოში არ აქვს დიდი ნდობა, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა, კვლევის საველე სამუშაოებს უფრო მიუკერძოებელი ორგანიზაცია რომ ატარებდეს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემთ „ენდიაის“, როგორც ჩვენს ინსტიტუციურად სტრატეგიულ პარტნიორს. ვისურვებდი, ამ კვლევებს სანდოობის უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა. შესაბამისად, კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ უშუალოდ კორუფციის, ნეპოტიზმთან და საერთო შეფასებასთან მიმართებაში, საერთოდ კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ – ვერც სახელმწიფო და ხშირ შემთხვევაში, ვერც კერძო სტრუქტურებში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არაერთი ღონისძიება განახორციელა არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის, არამედ მისი პრევენციის მიზნით.
„არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია ძალიან მაღალ ხარისხშია აყვანილი. ეს არის ყველგან – პოლიტიკაში, კანონმდებლობაში, ზოგადად, გამჭვირვალობის სტანდარტთან მიმართებაში, რაც ყველა პროექტთან დაკავშირებით გვაქვს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, კორუფციის დონე საქართველოში ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერაა შეფასებული.
„ამ მიმართულებით ჩვენ შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 21 პროცენტი კი ამბობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული.