მაია ცქიტიშვილი - უცხოურ კომპანიებთან სატენდერო მოთხოვნებში ჩადებულია, რომ არაკვალიფიციური მუშა ძალა 70-80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე დაასაქმონ
უცხოურ კომპანიებთან სატენდერო მოთხოვნებში ჩადებულია ჩვენი მოთხოვნა, არაკვალიფიციური მუშა ძალა 70-80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე დაასაქმონ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, იმის თქმა, რომ ტენდერებში მთლიანად უცხოური კომპანიები იმარჯვებენ, არ შეიძლება, რადგან მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებს პრაქტიკულად, 100% ქართული კომპანიები ახორციელებენ.
„რაც შეეხება მსხვილი ინფრასტრუქტურულ კომპანიებს, ამ შემთხვევაში დიდ პროექტებში გყავს გამარჯვებული უცხოური კომპანიები. ჩვენი სტატისტიკით სულ 238 კონტრაქტორი გვყავდა. მე ვგულისხმობ უშუალოდ სამინისტროს გამგეობაში არსებულ პროექტებსა და რეგიონალური ფონდის პროექტებს. 238 კომპანიიდან 225 ქართული კონტრაქტორი იყო. ეს არის დაახლოებით 95 პროცენტი. დიდ პროექტებში მხოლოდ 13 უცხოური კონტრაქტორი გვყავდა და აქედან სამი ჩინური კომპანია იყო. მე ვგულისხმობ 2018 წლის მონაცემებს. აქედან, რიკოთის ორ მონაკვეთზე, ორივე შემთხვევაში ცალ-ცალკე ტენდერი გამოცხადდა და ორივეგან სხვა და სხვა ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა. რატომ იმარჯვებენ უცხოური კომპანიები? ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვმოქმედებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით და ვხელმძღვანელობთ მათივე ზედამხდველობით, მათივე წესებით, რომელიც განსაზღვრავს კომპანიებისადმი მოთხოვნებს. სწორედ რისკების შეფასების ნაწილში პროექტის ოდენობისა და ტექნიკური სირთულიდან გამომდინარე არის მოთხოვნილი კონკრეტული მოცულობები, ბრუნვები, ისტორია. კომპანიას უნდა ჰქონდეს დიდი ბრუნვა, უნდა ჰქონდეს ასეთი დიდი პროექტების მართვის გამოცდილებაც. სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ ექსპერიმენტები არ ვატაროთ და არ მივიღოთ ის ვითარება, როდესაც ქართული კომპანია მოიგებს ტენდერს, მაგრამ მერე გაჩერდება, რადგან სამუშაოებს ვერ შეასრულებს. სამწუხაროდ ამ მოთხოვნებს უმეტესწილად ქართული კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.